Типы нарушений

აუტისტური სპექტრის დარღვევები

, უპირატესად, ჯერ კიდევ დაბადებამდე ბავშვის თავის ტვინში განვითარებულ დეინტეგრაციული პროცესების შედეგია, რომელიც მთელ მის ცხოვრებაზე აღიბეჭდება მომავალში.

სამედიცინო ანალიზები, რომელთა დახმარებითაც შესაძლებელი იქნება აუტიზმის დიაგნოზის დადგენა, ჯერჯერობით, არ არსებობს. იგი დასტურდება ბავშვზე დაკვირვების შედეგად. გასათვალისწინებელია, თუ როგორ იქცევა პატარა გარკვეულ სიტუაციებში და რა დამოკიდებულებას ამჟღავნებს გარშემომყოფთა მიმართ.

აუტისტური სპექტრის მოშლილობათა დამახასიათებელი ნიშნები შესაძლოა გამოვლინდეს, როგორც საკმაოდ მწვავე ისე მსუბუქი ხარისხით. უპირველეს ყოვლისა, თვალშისაცემია მეტყველების განვითარების შეფერხება, ამ კატეგორიის ბავშვები ძირითადად სიტყვების ნაცვლად ჟესტებს იყენებენ, ან წარმოთქვამენ სიტყვებს არასწორი მნიშვნელობით.

მათ არ აინტერესებთ მეგობრებთან ურთიერთობა, უპირატესობას მარტოობას ანიჭებენ და არც თანატოლებთან თამაშის სურვილს ამჟღავნებენ. ხშირად არ რეაგირებენ ღიმილზე, შეუძლიათ რომელიმე მოქმედება ან სიტყვები იმეორონ უმიზეზოდ.

ბიჭებში აუტიზმი 4–5–ჯერ მეტად ვითარდება, ვიდრე გოგონებში.

ძირითადი ნიშნების გარდა, აღენიშნებათ, ძილის რეჟიმის არევა – მათი ორი მესამედი პერიოდულად იღვიძებს შუაღამით, ან გამთენიისას და შემდეგ დღის განმავლობაში იძინებენ. დამახასიათებელია ალერგიული რეაქციები და საჭმლის მონელების დარღვევები, ძირითადად ყაბზობა და რეგულარულ დეფეკაციასთან დაკავშირებული პრობლემები, ეს უკანასკნელი იმდენად ხშირია, რომ რამდენიმე წლის წინათ მას სადიაგნოსტიკო მნიშვნელობაც კი გააჩნდა.

ენის ბორძიკი დაავადება არ არის

, იგი სიმპტომია.
ენის ბორძიკი შეიძლება აღმოცენდეს მეტყველების ფორმირების პერიოდში – ბავშვობის ასაკში – 2-5 წლამდე, რომელიც ყველაზე გავრცელებულია და მოგვიანებით პერიოდში, ეს შეძენილი ნეიროგენული ენის ბორძიკია, რომელიც ვითარდება თავის ტვინის ტრავმული დაზიანების ან პათოლოგიის შედეგად.
ენის ბორძიკი ნამდვილად რომ სიმპტომია, ამაზე ის რამდენიმე სახის ცვლილება მეტყველებს, რომელიც მებორძიკე ადამიანის თავის ტვინშია აღმოჩენილი:
1. შეცვლილია ტვინის ზოგიერთი უბნის (მეტყველებაზე პასუხისმგებელი ბროკისა და ვერნიკის) მიკროსტრუქტურა.
2. შეცვლილია ამავე ზონების ფუნქციური აქტივობა – მეტყველებისას იმატებს მარჯვენა ნახევარსფეროს უბნების აქტივობა.
უწინ ფიქრობდნენ, ენის ბორძიკი შეძენილი, მეტყველების არასწორი ჩვევა იყო და პრობლემის აღმოფხვრას არასამედიცინო მეთოდებით ცდილობდნენ, რაც ზოგჯერ მდგომარეობის აშკარა გაუარესებას იწვევდა.
დღეს დადგენილია და ეჭვს აღარ იწვევს – თავის ტვინის მიერ განხორციელებული ფუნქციის – მეტყველების დარღვევა სამედიცინო პრობლემაა, სიმპტომი, რომელიც თავის ტვინში გარკვეულ სტრუქტურათა დისფუნქციაზე მიგვანიშნებს.

თავზე ქუდი მაცვია... ქათამი კვერცხი დადო...

მეტყველების ფორმირების შემდგომ მშობლები უეცრად აღმოაჩენენ, რომ მათი პატარა, საკმარისი ლექსიკური მარაგის ფონზეც კი, ვერ ახერხებს გამართული წინადადებებით საუბარს. ზოგჯერ ეს მხოლოდ აქტიური მეტყველებისას ვლინდება (ექსპრესიული აგრამატიზმი) და ყურადღების კონცენტრირებისას ნაკლებად თვალშისაცემია, ზოგჯერ კი პირიქით, წერის, თხრობისას (იმპრესიული აგრამატიზმი) იჩენს თავს.

ამ დარღვევისას ბავშვებს განსაკუთრებით უჭირთ სიტყვათაშორის ურთიერთობების გამოხატვა: კავშირი, თანდებული, წინდებული და შორისდებულების სათანადო გამოყენება.

ამ მოვლენას აგრამატიზმი ჰქვია, 3–4– წლამდე შეიძლება ნორმალურ მოვლენად ჩაითვალის, 5 წლის ასაკისთვის კი აუცილებელია მისი გამომწვევი მიზეზის დადგენა, რადგანაც ზოგჯერ იგი ნეიროფსიქოლოგიური მოშლილობაა, რომელიც მეტყველების გრამატიკული სტრუქტურისა და გამართულად საუბრის უნარის სრულ ან ნაწილობრივ უქონლობაზე მეტყველებს.

თუ ბავშვს მსგავსი ტიპის დარღვევას შეამჩნევთ, აუცილებელია მიმართოთ ნევროლოგს, რათა დროულად დადგინდეს ყოველივე ყურადღების დეფიციტის, თუ თავის ტვინის შუბლისა და საფეთქლის არის კეროვანი ან ტრავმული დაზიანების შედეგია, რადგან ორივე შემთხვევაში აუცილებელია როგორც მეტყველების ისე მედიკამენტური თერაპია.

ბგერების არასწორი წარმოთქმა

მეტყველების თერაპევტი ეკა ჭავჭავაძე, მშობლების თხოვნით, მეტყველების ისეთ დარღვებებზე გვესაუბრება, როგორიცაა ბგერების არასწორი წარმოთქმა.

- ბგერების არასწორად გამოთქმა, ერთ-ერთი გავრცელებული პრობლემაა... როგორ უნდა "ვებრძოლოთ" და როდისაა საგანგაშო მეტყველების ასეთი ფორმა?

- მართლმეტყველების დარღვევებისას, როდესაც პატარა ვერ წარმოთქვამს სწორად ამა თუ იმ ბგერას, მეტყველების თერაპიის დაწყებამდე აუცილებელია პაციენტის პირის ღრუსა და საარტიკულაციო აპარატის საგულდაგულო დათვალიერება, შემოწმება. ზოჯერ ბგერათა უსუფთაო წარმოთქმა სწორედ საარტიკულაციო აპარატითაა პროვოცირებული, ანუ ენის, სასის, ხახის თანდაყოლილ პათოლოგიებს, არასწორ თანკბილვასა და სხვა ორთოდონტიულ ან ნევროლოგიურ პათოლოგიებს უკავშირდება. თუ დარღვევა ამ ტიპის მიზეზითაა პროვოცირებული, ჯერ ის უნდა გამოსწორდეს და მხოლოდ ამის შემდეგ ჩატარდეს მეტყველების თერაპია. თუ მსგავსი რამ გამორიცხულია, პირდაპირ იწყება ბგერის კორექცია, რომელიც ტარდება რამდენიმე ეტაპად.
პირველი ეტაპი - მოსამზადებელია, იგი მიზნად ისახავს საარტიკულაციო აპარატის მომზადებას ბგერის წარმოსათქმელად და მოიცავს ენის, ტუჩების, ბების ვარჯიშებს.

მეორე ეტაპი - სწორი არტიკულაციის გაცნობაა, რომელიც თითოეული ბგერისთვის მკაცრად განსაზღვრულია. ამ ეტაპზევე ხდება ბგერის სმენითი განსხვავება, ანუ პაციენტმა კარგად უნდა დააფიქსიროს, თუ რა ტიპის ბგერის მიღწევაა აუცილებელი. იმ შემეთხვევაში, თუ შედარებით მაღალი ხარისხითაა გამოხატული საარტიკულაციო აპარატის მოდუნება ან პირიქით ჰიპერტონუსი, დამხმარე მეთოდის სახით ვატარებთ ენის, ტუჩებისა და ყბების როგორც პირდაპირ, ისე არაპირდაპირ (აპარატით) მასაჟს. ბგერის სმენითი აღქმის გასაძლიერებლად გამოიყენება ელექტრორეფლექსოთერაპია, რათა დაჩქარდეს ბგერის დაყენება.

მესამე ეტაპი უშუალოდ ბგერის დაყენებაა და იგი მაშინ სრულდება, როდესაც პაციენტი შეგნებულად, დაფიქრებით ახერხებს ბგერის სწორად წარმოთქმას. შემდეგ იწყება ბგერის ავტომატიზაციის ეტაპი, როდესაც უკვე დაყენებული ბგერა საუბრისას სიტყვებში, ფრაზებსა და წინადადებებში უნდა ჩამაგრდეს, რის შემდეგაც პრობლემა დაძლეულად მიიჩნევა.

სასურველია, ბგერათა არასწორი წარმოთქმის კორექცია მოხდეს სკოლამდელ ასაკში, რათა პატარას თავიდან ავაცილოთ სკოლაში არასწორი წარმოთქმით გამოწვეული უამრავი როგორც აკადემიური, ისე ფსიქოლოგიური სტრესი. განსაკუთრებით მინდა, ხაზი გავუსვა იმას, რომ მართალია ბგერათა არასწორი წარმოთქმა ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნის, მაგრამ მას შეუძლია, ბავშვს მძიმე ფსიქოლოგიური ტრავმა მოაყენოს, შეაფერხოს მისი განვითარება და პროფესიული წინსვლა, ამიტომ უმჯობესია, მშობლებმა, შეამჩნევენ თუ არა შვილს ამას, მიმართონ მეტყველების თერაპევტს, რადგან ადრეულ ასაკში ნებისმიერი ტიპის დისლალიის აღმოფხვრა, თუ იგი თანდაყოლილი პათოლოგიით არ არის გამოწვეული, შესაძლებელია 3-6-თვემდე, მაშინ როდესაც მოზრდილ ასაკში მკურნალობის ხანგრძლივობა რამდენჯერმე იზრდება და შედეგიც ყოველთვის სასურველი როდია.

რაც შეეხება ლოგონევროზს?

- როგორც მშობლები, ისე ბავშვები განსაკუთრებით მტკივნეულად აღიქვამენ მეტყველების ისეთი ტიპის დარღვევას, როგორიცაა ენის ბორძიკი - ლოგონევროზი.
არცთუ შორეულ წარსულში ლოგონევროზების მკურნალობას ცდილობდნენ ე.წ. ლოგოპედიური ხერხებით, რომლებიც ითვალისწინებდა სამეტყველო ე.წ. დიქციური სუნთქვის დაყენებას, კითხვისა და თხრობისას გარკვეულ რეკომენდაციათა შესრულებას. თანამედროვე ხედვა ამ დარღვევის მიმართ რადიკალურად შეიცვალა. მთელ მსოფლიოში ლოგონევროზი განიხილება როგორც სამედიცინო პრობლემა, კლინიკური სიმპტომი, რომელიც მეტყველების თერაპიასთან ერთად მოითხოვს სხვადასხვა ტიპის სამედიცინო მეთოდების გამოყენებას. ამ მხრივ საუკეთესოს წარმოადგენს კომპლექსური თერაპია, რომელიც ითვალისწინებს ენის ბორძიკში მონაწილე ყველა შესაძლო რგოლის დარღვეული ფუნქციების სრულ ან ნაწილობრივ აღდგენას. საუბარი შეიძლება შევადაროთ აისბერგს, რომლის მხოლოდ ერთი მესამედი მოჩანს, ორი მესამედი კი წყალქვეშ არის, უხილავია. სწორედ ასეა მეტყველებაც. ის, რაც ჩვენ გვესმის, მეტყველების როგორც ფუნქციის მხოლოდ ერთი მესამედია. დანარჩენი ორი თავის ტვინის ქერქქვეშა მოტორულ ცენტრებში, სასუნთქ სისტემაშია მოქცეული, ამიტომ კომპლექსური მეთოდით მკურნალობა იწყება სუნთქვითი ვარჯიშებით, აუცილებელია მოწესრიგდეს საუბრისას ჰაერის საჭირო რაოდენობისა და ინტენსივობის ნაკადით მომარაგება, რადგან ჰაერი მეტყველების ერთგვარი საწვავია. ამისთვის გამოიყენება სუნთქვითი ვარჯიშების სპეციალურად ლოგონევროზების სამკურნალოდ შემუშავებული სისტემა.
მეტყველებაზე პასუხისმგებელი ქერქქვეშა ცენტრების სინქრონული - შეთანხმებული მუშაობის მიღწევა შესაძლებელია კომპიუტერული კორექციით, არსებობს სპეციალური კომპიუტერული პროგრამები, რომლებიც მიზნად ისახავს ამ ცენტრების მუშაობის ერთ რეჟიმში გადაყვანას, რათა მეტყველება იყოს თანაბარი, ლაღი, რიტმული. მნიშვნელოვანია სამეტყველო სუნთქვის დაყენებაც.
შესაძლოა, ადამიანმა მშვენივრად იცოდეს სახლის აშენება, მაგრამ ვერ შეძლოს ეს ძლიერ ქარიან ან წვიმიან ამინდში. ანალოგიურად, თუ პაციენტის ნერვული ფონი მშვიდი არ არის, შედეგის მიღწევა რთულდება, ამიტომ ნერვულ სისტემაში აგზნების გასაქრობად ტარდება ფიზიოთერაპია და სხვა ტიპის სარელაქსაციო მანიპულაციები, რომელიც პაციენტის ასაკის და დარღვევის კლინიკური ფორმის შესაბამისად ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს.
დაახლოებით 8-10 წლის ასაკამდე ბავშვებს ენის ბორძიკთან დაკავშირებით ფსიქოლოგიური პრობლემები არ აწუხებთ, სამაგიეროდ ეს დიდი დოზით არის გამოხატული შედარებით მოზრდილი ასაკის პაციენტებში, შესაბამისად მათთვის საჭიროა ფსიქოთერაპიის ელემენტების გამოყენებაც. საკმაოდ ხანგრძლივი, ძლიერი და ქრონიკული მიმიკური თუ სხვა ტიპის საარტიკულაციო კუნთების სპაზმები, რაც დამახასიათებელია ლოგონევროზისთვის, იწვევს მათი ტონუსის ცვლილებას, ამის გამოსასწორებლად რეკომენდებულია საარტიკულაციო აპარატის ვიბრომასაჟი. დაუშვებელია ლოგონევროზის დროს ენის პირდაპირი დამასაჟება, რადგან ამან შესაძლოა მდგომარეობა კიდევ უფრო გაართულოს.
ბევრი სპეციალისტი ლოგონევროზს განუკურნებელ პათოლოგიად მიიჩნევს, რაც მცდარი და არასწორი შეხედულებაა.
კომპლექსური მეთოდით მკურნალობის სტატისტიკა ასეთია: პაციენტთა 40% სამუდამოდ ივიწყებს პრობლემას, სამწუხაროდ, 13-15% არ ემორჩილება თერაპიას და მიზეზის დადგენა ჯერჯერობით შეუძლებელია. დარჩენილი 45%-ში შეიმჩნევა მდგომარეობის საგრძნობი გაუმჯობესება, თუმცა მოსალოდნელია რეციდივები, ანუ გამწვავებები, თუმცა ნამკურნალევ პაციენტებთან რეციდივები უკვე აღარ წარმოადგენს დიდ პრობლემას, რამდენადაც ისინი დაუფლებულნი არიან მეტყველების თვითკონტროლს, რომლის დახმარებითაც ადვილად ნიღბავენ დარღვევებს. ყველაზე სასურველია მკურნალობის დაწყება 5-6 წლიდან, შედარებით რთული პერიოდია ე.წ. გარდატეხის ასაკი, თუმცა ასაკი თერაპიისთვის შეზღუდვას არ წარმოადგენს, მეტყველების ამ ტიპის დარღვევის აღმოფხვრა შესაძლებელია 40-45 წლამდე.

- რა უნდა გააკეთოს მშობელმა, რომ ბავშვს მეტყველების სწორი აპარატი ჩამოუყალიბდეს?

- პირველ ყოვლისა აუცილებელია, დავიცვათ მატყუარა საწოვარას გამოყენების ვადები, რადგან საკმაოდ ბევრი ბგერის დამახინჯებული წარმოთქმა სწორედ საწოვარას დიდი ხნით გამოყენების შედეგია. მნიშვნელოვანია ბავშვს ხელი შევუწყოთ ენისა და საღეჭი კუნთების სწორად ფორმირებაში, ამისთვის კი აუცილებელია, იგი უკვე 9-10 თვიდან მივაჩვიოთ ღეჭვას, დამღუპველია დღეს ასე ფართოდ გავრცელებული დაფქვილი და დაბლენდერებული საკვების გამოყენება 6-7 თვის შემდეგ. თუ პატარას ვიზუალურად ვამჩნევთ ყბების ან ტუჩების არაბუნებრივ მდგომარეობას, აუცილებელია იგი ვაჩვენოთ სტომატოლოგ-ორთოდონტს.

რა არის აუტიზმი

აუტიზმი ტვინის განვითარების ნეირობიოლოგიური დარღვევის შედეგია, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ბავშვის ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის დამყარების, სოციალური ურთიერთობების ჩამოყალიბებისა და გონებრივი განვითარების პროცესებზე.

აუტიზმის მქონე ბავშვს დარღვევები აქვს სოციალური უნარების, კომუნიკაციის, მეტყველების, ქცევის განვითარებაში.

აუტიზმისთვის დამახასიათებელი ნიშნებია:

სირთულეები სოციალური ურთიერთობის დამყარებისას;

სირთულეები კომუნიკაციის მიზნით მეტყველების გამოყენებისას;

ძლიერი მიჯაჭვულობა ჩვეული ცხოვრების წესის მიმართ, გარკვეული საგნებისა და საკვების მიმართაც კი.

აუტიზმით დაავადებულ ბავშვებს ინტეგრაციის პრობლემა აქვთ, რასაც ხშირ შემთხვევაში საზოგადოებაც უწყობს ხელს. ხშირად მშობლები ასეთ ბავშვებს შეგნებულად არიდებენ ხალხმრავალ ადგილებს, არ დაჰყავთ სასეირნოდ, ეს ფაქტი კიდევ უფრო მეტად თრგუნავს პატარას, რომელსაც ისედაც კომუნიკაციის პრობლემა აქვს.

ბევრ აუტიზმით დაავადებულს აქვს განსაკუთრებული ინტერესი რაღაცის მიმართ, ხშირ შემთხვევაში ძალიან ადრეული ასაკიდან. დროთა განმავლობაში ეს ინტერესი შეიძლება შეიცვალოს ან მთელი ცხოვრების მანძილზე დარჩეს. ეს შეიძლება იყოს ხელოვნების რომელიმე სფერო, კომპიუტერი, ფოტოგრაფია, ამ დროს აუცილებელია ხელის შეწყობა, ხშირად მათთვის საყვარელი საქმიანობა მთელი ცხოვრების სტიმულს აძლევს და ეხმარება მათ სამყაროს თავისებურად დანახვაში.

ყველა ეროვნებისა და კულტურის, რელიგიისა და საზოგადოების ადამიანს შეიძლება ჰქონდეს აუტიზმი, თუმცა, სტატისტიკურად ეს დაავადება მამაკაცებს უფრო ხშირად ემართებათ.

მშობლები ბავშვის მეტყველების შეფერხების გამო აკითხავენ ექიმს, ხოლო აუტიზმის ყველაზე ხშირი ნიშანი, სოციალურ ურთიერთობების დეფიციტი, ძალიან გვიან აღიქმება პათოლოგიად.

ამ პრობლემის მქონე ბავშვი:

არ იყურება სახელზე, ასევე მითითებულ მხარეს.

თითის გაშვერით არ ითხოვს სასურველ ნივთს;

არ მიანიშნებს თითით მისთვის საინტერესო საგნის ან მოვლენისკენ;

თავის ემოციებს ნაკლებად გამოხატავს მზერით, სხეულით, ჟესტიკულაციით, გამომეტყველებით;

არ, უზიარებს მშობელს სიხარულს, გაოცებას ან სხვა გრძნობებს;

ასეთი ბავშვების 25-30% იწყებს მეტყველებას, შემდეგ აჩერებს, იწყება რეგრესი 15-24 თვეზე. ხშირად რეგრესს მიაწერენ სტრესს ან გარემო ფაქტორებს და გვიანდება დიაგნოზი;

გამოხატულია ინტერესთა შეზღუდვა, რაც ვლინდება სტერეოტიპული განმეორებადი ქცევებით და ცვლილებების მიუღებლობით.

დაავადების ადრეული დიგნოსტიკა დაეხმარება მშობელს ისწავლოს როგორ უნდა მოიქცეს, როგორ უნდა განავითაროს ბავშვის უნარ-ჩვევები.

მეტყველების დარღვევები

ფაქტები - დღეს მთელ მსოფლიოში ფართოდ არის გავრცელებული მეტყ­ველების დეფექტების მკურნალობის კომპლექსური მეთოდი. რა ღონისძიებებს მოიცავს ეს თერაპია?

- ენის ბორძიკი მეტყველების მარტივი დეფექტი როდია, ეს საკმაოდ რთული ფიზიოლოგიურ-ფსიქოლოგიური პრობლემაა, ამიტომ მისი კორექციის საუკეთესო მეთოდად კომპლექსური თერაპია მიიჩნევა. იგი ითვალისწინებს ყველა იმ ფუნქციური რგოლის შეთანხმებული მოქმედების აღდგენას, რომლებიც ადამიანის მეტყველებაში მონაწილეობენ. აუცილებელია ნერვულ-რეფლექსური, არტიკულაციური და ფსიქოემოციური სფეროების მოწესრიგება.

კომპლექსური თერაპია რამდენიმე სახის ღონისძიებას მოიცავს:

  • _ მეტყველების კორექციის სპეციალურ კომპიუტერულ პროგრამებს,
  • _ ფსიქოთერაპიას,
  • _ ფსიქოლ­ოგიურ რეკომენდაციებს,
  • _ სუნთქვით ვარჯიშებს,
  • _ ვარ­ჯიშებს დიქციისთვის,
  • _ კლა­სიკურ და წერტილოვან მასაჟს.
  • _ ზოგჯერ საჭიროა მკურნალობის კურსში ფიტოთერაპიულ საშუალებათა ჩართვაც, მაგრამ მთავარი ის არის, რომ მეთოდი არ მოითხოვს ანტიდეპრესანტებისა და სხვა, ცენტრალურ ნერვულ სისტ­ემაზე მოქმედი ძლიერი პრეპარატების გამოყენებას.

მეტყველების კორექციის სპეციალური კომპიუ­ტერული პროგრამები პაციენტს თავისუფალი და ლაღი, საჭირო ტემპის მეტ­ყველების ფორმირებაში ეხმარება,

სუნთქვითი ვარჯ­იშების დახმარებით კი ის განსაზღვრული სიმაღლისა და სიხშირის ბგერების (ობერტონების) წარმოთქმას სწავლობს.

ადამიანის მეტყველებაში რამდენიმე კუნთი მონაწილეობს, საკმარისია, თუნდაც ერთი მათგანი გამოვიდეს მწყობრიდან, რომ ეს თვალნათლივ აისახება მეტყველებაზე. კლასიკური და წერტილოვანი მასაჟის მიზანი სწორედ მეტყველებაში მონაწილე კუნთებისა და მთლიანად არტიკულაციური აპარატის მოდუნება-რელაქსაციას ისახავს მიზნად, რათა შემდგომი ვარჯიშისას ისინი მთლიანად დაემორჩილონ ადამიანის ნება-სურვილს. მასაჟი კომპლექსური თერაპიის პირველი რგოლია და დიდწილად განსაზღვრავს შემდგომი თერაპიის ეფექტს.

დიქციის გასავარჯიშებელი პროცედურების მიზანი ლაპარაკის დროს ენისა და ტუჩების სწორი მიმართულებით მოძრაობის უზრუნველყოფაა, ეს საკმაოდ შრომატევადი საქმეა, რომელსაც პაციენტი საშინაო დავალების სახით შინაც აგრძელებს. დასაწყისშივე აღვნიშნე, რომ ენის ბორძიკი ფსიქოემოციური წრის დარღვევის შედეგი გახლავთ, ამიტომ კომპლექსური თერაპიის დიდი ნაწილი სწორედ პრაქტიკულ ფსიქოთერაპიასა და ფსიქოლოგიურ რეკომენდაციებს ეთმობა.

- მკურნალობის შედეგს უპირატესად თერაპიის დაწყებამდე პაციენტის განწყობა განსაზღვრავს. კიდევ რომელი ფაქტორები მოქმედებენ თერაპიის მსვლელობაზე?

” მკურნალობის შედეგი მართლაც ბევრად არის დამოკიდებული პაციენტის ემოციებსა და გრძნობებზე. თერაპიის დაწყებამდე აუცილებელია, მან მტკიცე გადაწყვეტილება მიიღოს და გათავისუფლდეს ზედმეტი დაძაბულობისგან. მან უნდა შეიცვალოს საკუთარი დეფექტისადმი დამოკიდებულება და დაძლიოს შიში, მოიცილოს ყოველგვარი უჩვეულო ჟესტი და მიმიკა, რომელსაც მეტყველებისას იშველიებს. მეტყველების კორექცია უდი­დეს ნებისყოფასა და მოთმინებას მოითხოვს, ამიტომ პაციენტმა ენერგია უნდა მოიკრიბოს და ყურადღების მაქსიმალური კონცენტრირება მოახდინოს. თერაპიის მსვლელობაზე ძლიერ დადებითი გავლენა აქვს ოჯახის წევრებისა და ახლობლების სიყვარულსა და თანადგომას.

მეტყველების დარღვევა აუტისტური სპექტრის მოშლილობათა დროს

აუტისტური სპექტრის დარღვევები ბოლო ხანს ერთგვარ ეპიდემიად იქცა. ამ დარღვევათა პირველი კლინიკური ნიშანი მეტყველების განუვითარებლობა, ამეტყველების დაგვიანება ან სრული უმეტყველობაა. მშობლებიც პირველად სწორედ მეტყველების თერაპევტებს მიმართავენ, რადგან მათი პატარა ლაპარაკის დაწყებას არ ჩქარობს ან არ ლაპარაკობს ისე, როგორც ამას მისი ასაკი ითვალისწინებს.

რატომ გვიანდება ამეტყველება და რას უნდა მიაქციოს მშობელმა ყურადღება, თუ მისი შვილი ენის ამოდგმას აგვიანებს? ამის შესახებ მეტყველების განვითარებისა და კორექციის ცენტრ "ლოგომედის" ხელმძღვანელი, ექიმი ეკა ჭავჭავაძე გვესაუბრება.

- მეტყველების რა ტიპის დარღვევები ახასიათებს აუტისტურ სპექტრს?

- აუტიზმისა და აუტისტური სპექტრის მოშლილობათათვის მეტყველების საკმაოდ მრავალფეროვანი დარღვევებია დამახასიათებელი. ამ დროს ბავშვები უმეტესად უმეტყველონი, არავერბალურნი არიან, ზოგ მათგანს ბგერებიც კი არ გააჩნია. არავერბალურ პატარას შესაძლოა ჰქონდეს რამდენიმე სპონტანური ვოკალიზაციის ბგერა, რომელსაც იგი არამიზნობრივად გამოსცემს.

არის შემთხვევები, როდესაც ბავშვს ბგერები და მარცვლები აქვს, საუბრობს, მაგრამ საგნებს არქმევს ისეთ სახელებს, რომლებსაც საგნის რეალურ დასახელებასთან საერთო არაფერი აქვს. ეს არის არაკონვენციურ, ე.წ. ჟარგონულ ენაზე მეტყველი ბავშვი. ასეთი ბავშვების ერთ ნაწილს შენარჩუნებული აქვს ინტონაცია, ემოცია, რომელსაც ის ამა თუ იმ მომენტში ჟარგონით გამოხატავს, ადეკვატურია მისი სურვილისა. მაგალითად, თხოვნას თავისი ფორმა აქვს, პროტესტს - თავისი და ა.შ. ამ შემთხვევაში მშობლისთვის შვილის გაგება პრობლემას არ წარმოადგენს, თუმცა არსებობენ არაკონვენციურად მეტყველი ბავშვებიც, რომლებიც ემოციებს არაადეკვატურად გამოხატავენ და ეს მათი სურვილებისა და მიზნების გაგებას რამდენადმე ართულებს.

ამ ტიპის მოშლილობებს ახასიათებს ე.წ. ექოლალიებით საუბარიც - რასაც ვეუბნებით, იმავეს იმეორებენ, ზოგჯერ - არტიკულაციისა და მართლმეტყველების სრული დაცვით, მაგრამ თავად მიზნობრივად არ ლაპარაკობენ, ყველაზე მარტივ მიზნობრივ წინადადებებსაც კი არ ამბობენ, მიუხედავად იმისა, რომ შეუძლიათ, ურთულესი შენების ფრაზაც უშეცდომოდ გაიმეორონ.

არსებობს მეტყველების დარღვევის ისეთი ფორმაც, როდესაც საკმაოდ მდიდარი ლექსიკური მარაგის ფონზე თავს იჩენს აგრამატიზმი და მეტყველების სინტაქსური შენების რღვევა - ბავშვები ლაპარაკობენ, ვერბალურნი არიან, მაგრამ ვერ ახერხებენ, შეუთანხმონ ერთმანეთს დრო, პირი და რიცხვი. ბავშვი ამ შემთხვევაში აგებინებს გარშემო მყოფებს, რა სურს, რადგან მეტყველება, შეიძლება ითქვას, პირველყოფილ დონეზე განვითარებული აქვს.

აუტისტური სპექტრის მოშლილობათათვის ასევე დამახასიათებელია აკვიატებული სიტყვები და ფრაზები. ზოგჯერ ბავშვი მთელი დღე იმეორებს მულტფილმში გაგონილ რომელიმე სიტყვას ან ფრაზას ანდა წინადადებას, რომლითაც მას ოჯახის რომელიმე წევრი მიმართავს.

ამ ტიპის პრობლემის მქონე ბავშვი ზოგჯერ არაბუნებრივი ხმით ლაპარაკობს, მშობელი თავადაც ხვდება, რომ მისი შვილის ბუნებრივი ხმა სხვაა.

- რას უნდა მიაქციონ მშობლებმა ყურადღება, როდესაც მათი შვილი ნორმის შესაბამისად ვერ მეტყველებს?

- როდესაც ბავშვი ექოლალიებით ლაპარაკობს, მშობლებს ჰგონიათ, რომ ეს დროთა განმავლობაში გამოსწორდება, ალაგდება აგრამატიზმისთვის დამახასიათებელი მომენტები, ლოდინში კი შესაძლოა ძვირფასი დრო დავკარგოთ.

უფრო და უფრო მომრავლდნენ მშობლები, რომლებიც სიამაყით აღნიშნავენ, რომ მათი შვილი თავისუფლად ითვლის ინგლისურად, იცის ანბანი, სიტყვების მნიშვნელობა, ესე იგი ბავშვი მეტყველებს, უბრალოდ, ქართული არ მოსწონს.

მინდა განვმარტო: ბავშვი ითვლის ინგლისურად და ასახელებს სიტყვებს არა იმიტომ, რომ ქართული არ მოსწონს, არამედ იმიტომ, რომ გაურბის

ენას, რომელზეც სთხოვენ კონტაქტს, ესე იგი იმას, რისი კეთებაც არ სურს. პრობლემის არსებობისას ასევე გაურბიან მშობლიურ ენას ინგლისურ, რუსულ და სხვა ენაზე მოლაპარაკე პატარებიც. ასე რომ, როდესაც ბავშვი უცხო ენისადმი ინტერესს ამჟღავნებს და, ამასთან, სათანადო ყურადღებას არ აქცევს მშობლიურ ენას, ეს უყურადღებოდ არ უნდა დავტოვოთ.

როდესაც ბავშვი ლაპარაკობს არაფიზიოლოგიური ხმით, ნუ ჩათვლით, რომ მულტფილმის გმირს ბაძავს.

ყოველივე ეს არ ნიშნავს, რომ უთუოდ აუტისტური სპექტრის მოშლილობასთან გვაქვს საქმე, მაგრამ დროული დიფერენცირება აუცილებელია.

ენის ბორძიკი - ლოგონევროზი

რატომ გვებმის ენა

ბგერათა წარმოქმნას და თანმიმდევრულ მეტყველებას, გარდა ბგერის წარმომქმნელი აპარატისა, თავის ტვინში მდებარე სამი ნერვული ცენტრის შეთანხმებული მუშაობა განსაზღვრავს. ესენია:

  1. ბროკის ცენტრი, რომელიც აწესრიგებს ენის მოძრაობასა და სახმო იოგების ფუნქციებს;
  2. ვერნიკის ცენტრი - მისი მეშვეობით გვესმის სხვების ნათქვამი და ვცნობთ საკუთარ მეტყველებას;
  3. ასოციაციური ცენტრი - ფრაზებისა და წინადადებების შედგენაზე პასუხისმგებელი ინსტანცია.

როდესაც ადამიანი დალაგებულად და თანმიმდევრულად მეტყველებს, ესე იგი, სამივე ცენტრი სინქრონულად მუშაობს. როცა ადამიანს ენა ებმის, ეს იმის მანიშნებელია, რომ ცენტრთა მუშაობაში რომელიღაც რგოლი გაწყდა და მათი შეთანხმებული მუშაობა დაირღვა.

რა ხდება?

ენის ბორძიკის მიზეზი უმეტესად მამოძრავებელი სამეტყველო ცენტრის კუნთთა მომატებული ტონუსი და აგზნებაა, რაც სამეტყველო აპარატის სპაზმს იწვევს, ამიტომ მეტყველების ამგვარი მოშლისას ყველაზე ხშირად მიმართავენ ცენტრალური ნერვული სისტემის “დამუხრუჭებას” მედიკამენტური საშუალებებით და შთაგონებით. ტონუსის მომატებისას ყველაზე მეტად ბროკის ცენტრს უჭირს მუშაობა. იმატებს სახმო იოგების კუნთთა ტონუსი და იოგები დაჭიმულ სიმებს ემსგავსება. ხორხში იზრდება იოგთაშორისი წნევა, მეტყველებისას ხმა ძლიერდება და ადამიანს ენა ებმის. ბროკის ცენტრში ტონუსის მედიკამენტური დაქვეითებისას მეორე უკიდურესობა იჩენს თავს - ხმა დაბლდება, მონოტონური ხდება. ორივე შემთხვევაში ირღვევა ასოციაციური ცენტრის მუშაობა, აზრი სწორად ვერ ლაგდება, ფრაზები ნაწყვეტ-ნაწყვეტ წარმოითქმის ან საერთოდ არ ბოლოვდება. ენის ბორძიკი უმთავრესად ბავშვებისა და ახალგაზრდების პრობლემაა - მათ ყველაზე მეტი ინტელექტუალური და ფიზიკური დატვირთვის ატანა უწევთ, ამიტომ ცენტრალური ნერვული სისტემის “დამუხრუჭება” მათთვის არც ისე სასარგებლოა, აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ თერაპიიდან 2-4 კვირის შემდეგ ენის ბორძიკი შესაძლოა გამეორდეს.

დისლექსია

სასკოლო ასაკი მეტად მნიშვნელოვანი პერიოდია ბავშვის ცხოვრებაში, ხშირად იგი ბევრი ახალი პრობლემის პროვოცირებასაც ახდენს, ძირითადად თავს იჩენს სწავლასთან დაკავშირებული სირთულეები - ერთნი საკმაოდ ადვილად ძლევენ სასკოლო პროგრამას, ზოგისთვის კი ელემენტარული დავალების შესრულება პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება.

იწყება პრობლემათა ჯაჭვი, როგორც ბავშვის ისე მშობლის ცხოვრებაში. სწავლის პროცესისადმი ნეგატიურ დამოკიდებულებას მშობელი ბავშვის სიზარმაცით ხსნის. სიტუაცია უფრო მწვავდება, თუ საქმე გვაქვს დისლექსიად წოდებულ განსხვავებულ ფსიქიკურ შესაძლებლობებთან და ჩვენ წარმოსახულ სიზარმაცესთან ვცდილობთ დაპირისპირებას.

დისლექსიას საზოგადოებაში ბევრი მცდარად მიიჩნევს დაავადებად. რეალურად იგი ნევროგენული ბუნების დასწავლასთან დაკავშირებულ სირთულეების ამსახველი მდგომარეობაა, როდესაც ნორმალური სმენისა და მხედველობის ბავშვს უჭირს კითხვა, წაკითხულის შინაარსის გაგება, წერა და მათემატიკური მოქმედებები. შესაბამისად, დისლექსიას თან ერთვის დისგრაფია და აკალკულია _ წერასთან და მათემატიკურ მოქმედებებთან დაკავშირებული სიძნელეები.

დისლექსია ყოველთვის არსებობდა, რადგან ყოველთვის იყვნენ ბავშვები, რომელთათვისაც სწავლა დიდი სირთულეს წარმოადგენდა, თუმცა დღეს ფსიქო-ემოციური წრის სხვა დარღვევების მატების მსგავსად დისლექსიის შემთხვევებმაც საკმაოდ იმატა. გარდა ამისა, მომრავლდა დისლექსიის შენიღბული ფორმები, რაც ამ მდგომარეობის ადრეულ დიაგნოსტიკას საკმაოდ ართულებს.

სტატისტიკა მეტყველებს, რომ ეს მდგომარეობა დღეს ბავშვების დაახლოებით 3-დან 6%-ს აღენიშნება, დისლექტიკ ბავშვების ძირითად ნაწილს ვაჟები შეადგენენ.

რა იწვევს დისლექსიას?

ყველაზე ხშირად ამ მდგომარეობის გამომწვევი მიზეზებია:

· გენეტიკური წინასწარგანწყობა - რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, სწავლასთან დაკავშირებულ პრობლემებს გენეტიკური ხასიათი აქვს და ეს მაჩვენებელი 60%-ს უდრის, ანუ დისლექტიკ ბავშვთა 60 %-ის მშობლებსაც ბავშვობაში აღენიშნებოდათ სწავლასთან დაკავშირებული პრობლემები.

  • ხშირად იგი უვითარდებათ იმ ბავშვებს, რომელთა დედაც ორსულობის დროს რაიმე ნეგატიური ფაქტორის ზემოქმედებას განიცდიდა: აღენიშნებოდა დამძიმებული მშობიარობა, უჟანგბადობა, სტრესები, არაჯანსაღი ცხოვრების წესი და ა.შ.
  • ხშირად დისლექსია ალერგიული რეაქციებისადმი დადებითად განწყობილი ბავშვების და ცაციების ხვედრია.
  • ზოგჯერ იგი ვითარდება გარკვეული ტრავმების შემდგომ - ეს შეძენილი
  • დის
  • ლექსიაა.

როგორ აღმოვაჩინოთ დისლექსია დროულად?

დისლექსიის პირველი ნიშნები 4-5- წლის ასაკში _ მეტყველების აქტიური განვითარების პერიოდში იჩენს თავს და სწორედ ამიტომ, ეს ბავშვები პირველად მეტყველების თერაპევტევთან ხვდებიან, იმის გამო რომ ისინი:

  • ვერ ამბობენ ზოგიერთ ბგერებს;
  • ვერ ახერხებენ ბგერების დიფერენცირებას და ურევენ ერთმანეთში, მაგალითად რ-ლ, ს-შ;
  • კვეცავენ სიტყვებს, აკლებენ მარცვლებს მაგალითად მატარებელი - მატაბელი;
  • მარცვლებს უნაცვლებენ ადგილებს, მაგალითად ქუდი - დუქი, მაგიდა - დაგიდა, ბურთი - ურთი;
  • სიტყვებს ამატებენ წინსართებს ან ბოლოსართებს, მაგალითად სკამი - კსამი, და ა.შ.

სკოლაში შესვლის შემდგომ კი ნათელი ხდება რომ ბავშვს უჭირს:

  • ასოების დამახსოვრება;
  • ვერ ახერხებს სიტყვის სინთეზსა და ანალიზს, ვერ ასახელებს რამდენი ასოა მოცემულ სიტყვაში, რამდენი მარცვლისგან შედგება იგი, რამდენი ხმოვნისა და რამდენი თანხმოვნისგან.
  • ვერ გისახელებთ მოცემულ სიტყვაში არის თუ არა ესა თუ ის ბგერა;
  • გართულებულია წაკითხულის შინაარსის გაგება;
  • განსაკუთრებულ სიძნელეს აწყდება ციფრების, წელიწადის დროების, თვეების, კვირის დღეების დამახსოვრებისას.

დისლექსიის მქონე ბავშვებს სივრცეში ორიენტაციის პრობლემებიც აქვთ:

  • ეშლებათ მარჯვენა და მარცხენა;
  • ვერ პოულობენ ჩანთაში საჭირო საგნის რვეულს, სახელმძღვანელოს, საჭირო სასწავლო ნივთს და ა.შ.

დროთა განმავლობაში ასეთ ბავშვს, როგორც შინ, ისე გარეთ, მიეკერება ხოლმე არცთუ სასურველი ეპითეტი: ზარმაცი, შტერი, უყურადღებო, უწიგნური და.ასე.შემდეგ. რაც იწვევს ყველაზე მწვავე შედეგებს: იწყება მისი საზოგადოებისგან გარიყვა და თავად ბავშვიც წყვეტს თანაკლასელებთან აქტიურ ურთუერთობას, იმის შიშით, რომ იგი დანარჩენების მსგავსი არ არის და გაურბის დაცინვას.

მისთვის სწავლის პროცესი ტანჯვა-წამების ტოლფასი ხდება, უჭირს სკამზე მშვიდად ჯდომა, ცდილობს ყველანაირი მიზეზით გაექცეს საშინაო დავალების შესრულების პროცესს.

ბავშვი ამ პროცესისგან სერიოზულ სტრესს ღებულობს, რამაც შესაძლოა მის ფიზიკურ ჯანმრთელობაზეც კი ნეგატიურად იმოქმედოს.

სწორედ ამიტომ, თუ ბავშვს დასწავლასთან დაკავშირებულ სირთულეებს ამჩნევთ, უამრავი პრობლემის თავიდან ასაცილებლად დროულად აჩვენეთ სპეციალისტს: ფსიქოლოგს, ნეიროფსიქოლოგს ან მეტყელების თერაპევტს.

საჭიროა მულტიდისციპლინური გუნდის მიერ შეფასდეს ბავშვი და მისი ინდივიდუალური შესაძლებლობების გათვალისწინებით, სპეციალური არასტანდარტული მეთოდებით განხორციელდეს მასთან სწავლის პროცესი.

გვახსოვდეს:

  • დისლექსია - გონებრივი ჩამორჩენა არ არის!
  • დისლექტიკი ბავშვი სულაც არ ნიშნავს - დაბალი ინტელექტის მქონეს!
  • დისლექსია წარმოადგენს განსხვავებულ ფსიქიკურ შესაძლებლობებს!

ასეთ ბავშვებს ესაჭიროებათ სწავლა არასტანდარტული მეთოდებით, სპეციალურად მათთვის, მათი პიროვნული და სენსორული პორტრეტის გათვალისწინებით შედგენილი ინდივიდუალური პროგრამით.

მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანია მშობლების, სიყვარული, ყურადღება, მხარდაჭერა და გარშემომყოფთა თანადგომა.