მეტყველების დარღვევები განსაკუთრებით ბავშვებში დღეს მრავლად შეინიშნება, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ბევრი მათგანი მოსახლეობისთვის კარგად ნაცნობი დარღვევებისგან ბევრად განსხვავდება და იმდენად ფარულად მიმდინარეობს, რომ მათი დიაგნოსტიკა სპეციალისტებისთვისაც კი გართულებულია. ამ თემაზე მეტყველების განვითარებისა და კორექციის ცენტრის,,ლოგოპედი'' ხელმძღვანელი ეკა ჭავჭავაძე გვესაუბრება.
— მოგეხსენებათ, მეტყველების დარღვევები დღეს პრობლემათა საკმაოდ ფართო სპექტრს მოიცავს. ისიც უნდა ვთქვათ, რომ თუ ადრე მოსახლეობისთვის კარგად ნაცნობი მეტყველების დარღვევის მხოლოდ რამდენიმე ტიპი არსებობდა, დღეს ასე აღარ არის, რადგან მეტყველების საკმაოდ ბევრი დარღვევა მართლაც ისე ფარული და შენიღბული სახით მიმდინარეობს, რომ მისი დროული დიაგნოსტიკა სპეციალისტებისთვისაც კი გართულებულია და ამის უამრავი მიზეზი არსებობს. პირველ რიგში ამას ე.წ. ტექნოგენიზაციის პროცესს უკავშირებენ. ადამიანებს შორის ურთიერთობა, კომუნიკაცია, რომელიც ადრე სიტყვიერი, ანუ ვერბალური გზით მიმდინარეობდა, დღეს კომპიუტერითა და კლავიატურითაა ჩანაცვლებული. საერთო კომპიუტერიზაციის პროცესმა დაწყებით კლასებში, საგანმანათლებლო სისტემებში ხმამაღალი კითხვისა და თხრობის კულტურა ჩაანაცვლა, გამოცდები წერით ბარდება, ანუ რეალურად, მეტყველების ფუნქციას განვითარების საშუალება არ ეძლევა. გარდა ამისა, როდესაც მშობელმა იცის, რომ მისი შვილი ძალიან მარტივად ისწავლის, მიუხედავად იმისა, რომელიმე ბგერას სწორად წარმოთქვამს თუ არა, ან გარკვეული პრობლემები აქვს თუ არა მეტყველებაში, ამას ცოტა ნაკლებ ყურადღებას აქცევს. ბავშვმა სწორად, ლამაზად და გამართულად რომ იმეტყველოს, ამისთვის აუცილებელია, მას თავად ასეთი მეტყველება ესმოდეს, ხშირად უნდა მიმართავდნენ და მისგანაც მოითხოვდნენ პასუხს. დღეს კი ასე აღარ ხდება. ბავშვი ჩუმად ზის კომპიუტერთან, სხვადასხვა სათამაშოსთან, არადა, მეტყველება ის ფუნქციაა, რომელიც ზუსტად ისე უნდა განვითარდეს, როგორც სიარული.
— შემიძლია ვთქვა, რომ ეს უკვე გლობალური პრობლემაა, რადგან ყოველი ათი ბავშვიდან დაახლოებით ხუთი აგვიანებს მეტყველების დაწყებას, ანუ მეტყველების ფიზიოლოგიური პროცესი შეფერხებულია და დიდი ბედნიერებაა, თუ ბავშვი მოგვიანებით ამეტყველდება. ამ ათი ბავშვიდან დარჩენილმა ორმა-სამმა ბავშვმა დახმარების გარეშე შეიძლება საერთოდ ვერ ისაუბროს. ეს დახმარება ითვლისწინებს არა მარტო ლოგოპედიურ, არამედ მეტყველების კომპლექსურ თერაპიას, რომელიც საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია და შეიძლება ერთ-ორ წლამდეც კი გაგრძელდეს.
— მეტყველების განვითარების ყველაზე აქტიური პროცესი 3-დან 6 წლამდეა, ეს დარღვევები სწორედ ამ დროს ვლინდება. მოსახლეობაში მცდარი შეხედულებაა გავრცელებული — ჩვენში ფიქრობენ, რომ თუ ბავშვი ლაპარაკს სამ წლამდე არ დაიწყებს, მშვიდად შეუძლიათ დაელოდონ მის ამეტყველებას. თუ სამი წლისაც არ ამეტყველდა, მერე ოთხ წლამდე ელოდებიან და ჩვენამდე ბავშვი 4 — 4,5 წლის ასაკში მოჰყავთ, ანუ უკვე მაშინ, როდესაც ძალიან დიდი დროა დაკარგული. წლინახევრის ბავშვი გამართულად უნდა ამბობდეს ორსიტყვიან წინადადებას, სამსიტყვიან წინადადებას კი ორი წლის ასაკში. როდესაც ეს არ ხდება, სამ წლამდე ლოდინი აბსოლუტურად გაუმართლებელია, მშობელმა სპეციალისტს უნდა მიმართოს. უნდა დადგინდეს პრობლემის მიზეზი, რადგან შეიძლება, უბრალოდ მეტყველების შეფერხებაა და საგანგაშო არაფერია, მაგრამ შეიძლება ამ დროს აუტიზმისთვის დამახასიათებელმა პირველმა ნიშანმაც იჩინოს თავი. ბავშვმა შეიძლება, დროულად არ დაიწყოს ლაპარაკი იმიტომ, რომ მშობლებს არ სცალიათ მისთვის, ან შეიძლება ძლიერი სტრესის გადატანის შემდეგ პროტესტის გრძნობა აქვს, ან ორ ენაზე გახმოვანებულ მულტიპლიკაციურ ფილმს უყურებს, ან სულაც ორენოვან გარემოში უწევს ყოფნა. მსგავსი მიზეზებით გამოწვეული დარღვევა გაცილებით მარტივად ემორჩილება თერაპიასა და კორექციას და დროულად უნდა გაიმიჯნოს ცოტა უფრო საგანგაშო მიზეზებისგან, სადაც სერიოზული და დაუყოვნებელი ჩარევაა აუცილებელი.
— რა თქმა უნდა, შესაძლოა, მოხდეს საარტიკულაციო აპარატის მოდუნება და ადამიანმა ყველა ბგერა გამართულად ვეღარ გამოთქვას, დაკარგოს ნორმალური საუბრის რიტმი, მაგრამ თუ ამ შემთხვევაში ტვინში არ მიმდინარეობს რამე პროცესები, დარღვევა ადვილად გამოსწორდება.
— პირველ რიგში, მშობლებს მივმართავ: თუ გვინდა, რომ ჩვენი შვილები ლამაზად და გამართულად მეტყველებდნენ, აუცილებელია, მათ ბევრი ვუკითხოთ, მოვუყვეთ და ვესაუბროთ, მათი დასმული კითხვები უპასუხოდ არასდროს დავტოვოთ. ბავშვს უცხო ენის შესწავლა 4 — 5 წლიდან უნდა დავაწყებინოთ, მაშინ, როდესაც ის მშობლიურ ენაზე გამართულად საუბრობს. ნუ დავმალავთ თუკი ბავშვს პრობლემა აქვს, დროულად მივმართოთ სპეციალისტს. იგივეს ვურჩევ მოზრდილებსაც, ნუ ჩაიქნევთ ხელს და პრობლემას ნუ შეეგუებით. მეტყველების ნებისმიერი ტიპის დარღვევის გამოსწორება 40 —45 წლამდეა შესაძლებელი.